+995 32 2 29 00 06
Eng

პროექტები

„განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

„ცვლილებები იწყება შენით“ საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის ახალი პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ სლოგანია. პროექტი ორ ადგილობრივ ორგანიზაციასთან, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), თანამშრომლობით ხორციელდება.

 

პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით. დასახული მიზნის მისაღწევად საწყის ეტაპზევე შემუშავდა სოციალური კამპანია, ფართო აუდიტორიისა და პროექტის სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელთა (პრობაციონერები, მსჯავრდებულები და ყოფილი მსჯავრდებულები) ყურადღების მიპყრობის მიზნით. აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები სოციალურ და სამუშაოს მოძიების უნარებზე.

 

პროექტის სათაურიც ცხადყოფს, რომ მისი განმახორციელებელი ორგანიზაციები ხელს უწყობენ პრობაციონერების, მსჯავრდებულებისა და ყოფილი მსჯავდრებულების კვალიფიკაციის დონის ამაღლებას ბიზნეს ტრენინგებისა და პროფესიული განათლების პროგრამების მიწოდებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს სამთავრობო უწყებების, ბიზნეს სექტორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ფართო აუდიტორიის მომზადებას რეინტეგრაციის პროცესში აქტიურად ჩართვისთვის. დასახული მიზნის მისაღწევად ხორციელდება ადვოკატირების კამპანიებიც.

 

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 300 პირი სამუშაოს მოძიების/სოციალური უნარების ტრენინგისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციების მისაღებად. მათგან 140 გაივლის ბიზნეს ტრენინგს, ხოლო 60 მიიღებს დაფინანსებას მცირე ბიზნესის დასაწყებად ან არსებული ბიზნესის გასაფართოებლად. ტრენინგები სოციალური და სამუშაო მოძიების უნარების გაუმჯობესებაზე ჩატარდება რუსთავის #16 და #5 ქალთა დაწესებულებებშიც.

 

50 მსჯავრდებული გაივლის პროფესიული გადამზადების კურსებს და დაეუფლება ხელობას. დამატებით, 75 ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი პროფესიული გადამზადების მიზნით გაივლის საწარმოო პრაქტიკას წინასწარ შერჩეულ ტრენერებთან. კურსის დასრულების შემდგომ კი მიიღებს ხელსაწყოების კომპლექტს თვითდასაქმებისთვის.

 

პროექტის განმახორციელებლები აქტიურად იმუშავებენ პოლიტიკის დონეზე, რაც მოიცავს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ კვლევების ჩატარებას, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო ტურების ორგანიზებას. დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე რესოციალიზაციის არსებული პროგრამების გამუჯობესების მიზნით შემუშავდება რეკომენდაციები.

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.