+995 32 2 29 00 06
Eng

პროექტები

სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა

ASB მხარს უჭერს სოციალური სერვისების განვითარებას საქართველოში. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, სადაც ძირითადი პრობლემა სიღარიბის დონე და უმუშევრობაა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს რომ ელემეტარული სოციალური დაცვის პირობები შექმნას მოსახლეობისთვის, როგორიცაა სოციალური დახმარების პროგრამა.  ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ძირითადად ინდივიდუალური პრობლემების მოგვარებით არიან დაკავებული და ზოგიერთ ქართულ სოფელს საბავშვო ბაღებიც კი არა აქვთ.

მართალია, დონორთა დახმარებით სერვისების მიწოდება გაიზარდა გასულ 10 წელიწადში, თუმცა, სახსრების ამოწურვასთან ერთად ძნელი ხდება მათი ხარისხის შენარჩუნება. ადგილობრივი და ნაციონალური მმართველობის დონეზე ჩანს მეტი ინტერესი მოსახლეობისთვის მიწოდებული სერვისების განვითარების კუთხით. თუმცა სხვადასხვა სოციალური სერვისების ტიპების ცოდნის დონე საკმაოდ დაბალია და ინსტიტუციური რესურსები – არასაკმარისი.

ASB-ს მიდგომა

ზემოხსენებული მდგომარეობიდან გამომდინარე ASB ავრცელებს შესაძლო სერვისების დანერგვის შესახებ ინფორმაციას და ზოგჯერ ტექნიკურ დახმარებას უწევს მათი ჩამოყალიბებისთვის. ამის პარალელურად, მოვუწოდებთ შეიქმნას კერძო და საჯარო სოციალური პრტნიორობის ჯგუფები. ჩვენ ვართ ჩართული დიალოგში როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე ადგილობრივ თვითმართველობასთან. მოსახლეობისგან გროვდება ინფორმაცია, თუ რა ტიპის სერვისებია საჭირო და რომელი ადგილობრივი გაერთიანებები შეძლებენ ამ სერვისების ჩამოყალიბებას. 

შეგროვებული ინფორმაციის დამუშავება ხდება, როგორც  ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ერთად, ასევე პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებიც ადგილზე არიან პასუხისმგებლები პროექტის მიმდინარეობაზე. ინიციატივების შერჩევის შემდეგ, ვეხმარებით შეიქმნას სოციალური სოციალური საწარმოები, რომლებიც შემდეგი ეტაპისთვის იმუშავებენ ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან და მოქალაქეებს მიაწვდიან სერვისებს. 

ASB მხარს უჭერს მსგავს თანამშრომლობას და თვალ-ყურს ადევნებს, რომ სერვისის ხარისხი შეესაბამებოდეს სტანდარტებს, რათა დონორის არ არსებობის შემთხვევაში მათ გააგრძელონ არსებობა და მსგავსი სერვისები მიჰყიდონ ადგილობრივ მმართველ ორგანოებს. მსგავსი მიდგომით ASB მხარს უწყობს საჭირო სერვისების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მათ ხელმისაწვდომობას. 

პროექტები

სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში

დაფინანსებულია ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ - აშშ მთავრობა

პროექტს ახორციელებს ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (CHCA)

ASB–ს სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს სოციალური სერვისის მიმწოდებელი ექვსი საწარმო  დაარსდა:

საკვირაო სკოლა

ბენეფიციარებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:

  • კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისათვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის მხარდაჭერა;
  • ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნა.

ტყვიავის საკვირაო სკოლა ემსახურება 15 ბენეფიციარს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებიც აქ კომპიუტერული პროგრამირების,  უცხო ენების, ცეკვის, სიმღერისა და ხელოსნობა–ხელსაქმის კურსებს ესწრებიან. გარდა ამისა, შეიქმნა ინკლუზიური ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის.

სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება

ბენეფიციარებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:

  • უფასო სკოლამდელ განათლებას  იძულებით გადაადგილებულ პირთა ბერბუკის დასახლებაში მცხოვრები 6 წლამდე ასაკის 30 ბავშვისთვის;
  • ბავშვთა მხარდაჭერას განათლებასა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში;
  • ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების შექმნას.

ბერბუკის დასახლებაში მცხოვრებ სკოლამდელი ასაკის ბავშვების ოჯახებს ყოველდღიურად უახლოეს ქალაქამდე ჩასვლისა და უკან დაბრუნების მატერიალური შესაძლებლობა არ გააჩნიათ. შედეგად, ბავშვები ხშირად სკოლამდელი განათლების გარეშე რჩებოდნენ. სათემო ორგანიზაციამ „ერთად ჩვენ შევძლებთ“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, დასახლების ტერიტორიაზე, გამოყოფილ შენობაში გახსნა ბაგა-ბაღი, რომელიც 30 ბავშვის მომსახურებაზეა გათვლილი.

სახლი საზღვრების გარეშე

სოფელ ხურვალეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ხანდაზმულებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:

  • შინ მოვლის სერვისი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მარტო მცხოვრები ხანდაზმული პირებისათვის, რომელთაც საკუთარი თავის მოვლა უჭირთ;
  • დღის ცენტრი ბენეფიციარებს კვირაში სამი დღის განმავლობაში ემსახურება. გარდა იმისა, რომ ცენტრი შეხვედრებისა და გართობის ადგილს წარმოადგენს, ის სერვისით მოსარგებლეებს ჯანდაცვის საბაზისო მომსახურებას, ცხელ საკვებსა და საშხაპეებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.
  • სადღეღამისო თავშესაფარი სავალალო, ჯანმრთელობისათვის საზიანო პირობებში მარტო მცხოვრები ადამიანებისთვის.

თავდაპირველად საწარმო 20 ბენეფიციარს ემსახურებოდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან, ასევე დონორებისაგან მიღებული დახმარების წყალობით კი, მას გაფართოებისა და 60 ბენეფიციარის მიღების საშუალება მიეცა. აღსანიშნავია, რომ საწარმო ხურვალეთის სოციალიზაციის ერთ-ერთ მთავარი ცენტრის ფუნქციებსაც ითავსებს.

ლიახველი ოსტატები

სარემონტო და შემკეთებელი სახელოსნო ბენეფიციარებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს:

  • დაზიანებული საცხოვრებელი ბინის  რემონტსა და შეკეთებას;
  • ადგილობრივი სამშენებლო–სარემონტო მუშახელის სწავლებასა და მათთვის სამუშაო ადგილების შექმნას;
  • ექვსი ადგილობრივი მცხოვრების დასაქმებას.
  • საწარმო „ლიახველი ოსტატების“ მიზანი ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა და კონფლიქტის რეგიონში არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების მოვლა–პატრონობაა.

მოძრავი ავტოსახელოსნო

პროექტის მიზანია დევნილთა დასახლებებსა და ბუფერულ ზონებში მცხოვრებთა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა, მათი ძველი სასოფლო ტექნიკის შეკეთების გზით.

მოძრავი ავტოსახელოსნოს „მეჯუდა 2015“ სამუშაო პრინციპებია:

  • მოძრავი ავტოსახელოსნო განთავსებულია მიკროავტობუსში, რაც საჭიროების შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა;
  • სახელოსნო ასაქმებს სამ ადამიანს;
  • შერჩეულ სოფლებში მცხოვრებთ მათ სარგებლობაში არსებული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომ ფასად შეკეთების საშუალება ეძლევათ;
  • ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მიიღოს სწრაფი და იაფი ავტოსარემონტო სერვისი, იგოეთი-ხაშურის მონაკვეთზე.

ერგნეთის რძის პროდუქტები

სოფელი ერგნეთი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, ცხინვალიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, მდებარეობს. მიწების უკანონო კონფისკაციის ფონზე შემცირდა ადგილობრივი მოსახლეობის განკარგულებაში არსებული საძოვრების ზომა.

პროექტი მიზნად ისახავს:

  • ტრადიციული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას;
  • ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას;
  • სოფლის შენარჩუნებას;
  • ხუთი ადგილობრივის დასაქმებას.

ახალი საწარმოების შექმნაში მოსახლეობის დახმარების გარდა, მიზნად დავისახეთ სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, როგორიცაა: გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის რაიონები და ქალაქი გორი, სადაც მდებარეობს დევნილთა 20 დასახლება და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე 20 სოფელი, რომლებშიც შემოსავლის დონე დაბალია, ხოლო ბიზნესს განვითარებისთვის ხელშეწყობა სჭირდება. უფრო ფართო აუდიტორიის ინფორმირების მიზნით შეიქმნა სოციალური რეკლამები, რომლებიც  გავრცელდა სამაუწყებლო მედიის საშუალებით.

ASB აქტიურად მუშაობდა ადგილობრივ მმართველობასთან, სოციალურ საწარმოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლო მექანიზმების შემუშავებაზე. ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერამ პროექტს მდგრადობა შესძინა, რამაც ექვსივე სოციალური საწარმოს წარმატება განაპირობა. ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ საწარმოებში აგრძელებს მუშაობას, ხოლო საბოლოო ბენეფიციარები კვლავ იღებენ მათთვის ესოდენ საჭირო მომსახურებას. 


სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა და უკრაინაში

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

პროექტს ახორციელებს ASB საქართველო,  საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG) და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (UCIPR)

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლის გაზრდას, სოციალური განვითარების სფეროში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის მიზნით და განსაკუთრებულ აქცენტს სოციალური მომსახურების მიწოდების პოლიტიკის დიალოგზე აკეთებს.

ASB მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ არა მხოლოდ სოციალური მომსახურების მიწოდების სფეროში არსებული ხარვეზების გაანალიზებისა და მათი გადაჭრის ხარჯთეფექტური გზების შემუშავების პოტენციალი, არამედ, ისინი მთავრობის მიერ უნდა იყვნენ აღიარებული,  როგორც ამ პროცესის წარმართვისათვის მნიშვნელოვანი, დაინტერესებული მხარეები.

პროექტი სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებით დაიწყო. 113 ორგანიზაცია დაესწრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების, სოციალური მომსახურების მიწოდებაში საბიუჯეტო თანხების ინტეგრირების გზებსა და საზოგადოების მონაწილეობაზე საკანონმდებლო რეგულაციების საკითხებზე გამართულ ტრენინგებს. ღია კონკურსის გზით, შეირჩა 30 ორგანიზაცია მათზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების პაკეტების მისაღებად, რომელიც მოიცავს ექსპერტებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებს და საორგანიზაციო განვითარების კრიტიკულ საკითხებზე მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს.  ორგანიზაციული განვითარების პაკეტების მიწოდება 2017 წელსაც გაგრძელდება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ქსელებისა და კოალიციებისათვის ჩატარდება სამუშაო შეხვედრები საადვოკაციო გეგმების შემუშავების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებმა ადვოკატირებისა და ლობირების ეფექტური ხერხები შეისწავლიან. სამუშაო შეხვედრების შედეგად ადვოკატირების კამპანიის განხორციელების დასაწყებად რამდენიმე ორგანიზაცია შეირჩევა.

ქვე-გრანტები საჯარო კერძო სოციალური პარტნიორობისათვის

თვრამეტმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საქართველოში და ოცმა-უკრაინაში 2016 წელს მიიღო ქვე-გრანტები, რომლის მაქსიმალური მოცულობა თითოეულისთვის 15,000 (თხუთმეტი ათასი) ევროს შეადგენდა. ისინი მომსახურებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებს გაუწევენ.


სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ASB საქართველო და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC)

ASB საქართველო, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) პარტნიორობით, ახორციელებს სამწლიან პროექტს, რათა მხარი დაუჭიროს სოციალურ მეწარმეობას, როგორც სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაფართოების გზას და სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელებაში რისკ-ჯგუფებში შემავალი ადამიანების ფართო ეკონომიკური ჩართულობა უზრუნველყოს.

პროექტის მიზანი:

  1. სოციალური საწარმოების საჭიროებებზე მორგებული ექსპერტული მხარდაჭერის და ინსტიტუციური გაძლიერების სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
  2. სოციალური საწარმოებისთვის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა გაუმჯობესებული კანონმდებლობითა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.
  3. სოციალურ საწარმოთა ინტერესების დაცვის კოორდინირების და გამოცდილების გაზიარების მექანიზმების გაუმჯობესება.

პროექტის შედეგად:

  • დაფინანსდება 14 სოციალური საწარმო საქართველოს მასშტაბით;
  • 95 პოტენციური სოციალური მეწარმე გაივლის ინტენსიურ ტრენინგ კურსს;
  • 20 მოქმედი სოციალური საწარმო მიიღებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, ინდივიდუალურ საკონსულტაციო მომსახურებას;
  • საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადდება რეკომენდაციები სამთავრობო უწყებებისთვის საქართველოში შესაძლო მექანიზმების განვითარების შესახებ;
  • პროექტის ასოცირებული პარტნიორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, სოციალური საწარმოებისთვის გაიზრდება მათზე მორგებული საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა;
  • მოეწყობა 3 კონკურსი - „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“, რომელშიც მონაწილეობას 300 სტუდენტი მიიღებს;
  • შეიქმნება სოციალური საწარმოების ალიანსი;
  • სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები.