+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

მიშა პაპას ამბავი

82 წლის მიხეილ ილურიძე (მიშა პაპა) ASB საქართველოს მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოს „სახლი საზღვრების გარეშე“ ბენეფიციარია. ის მოხუცთა თავშესაფრის მუდმივ ბინადართაგან ერთ-ერთია. მიხეილი იხსენებს, რომ საკუთარი ხელებით აშენებული სახლის მიტოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა. ამბობს, რომ მისატოვებლად ენანებოდა ის 47 წელიწადი, რომელიც ამ კედლებს შუა, მეუღლესთან ერთად გაატარა.

მიხეილი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ზრუნავდა ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეზე, თუმცა თავად მას მომვლელი არ გამოუჩნდა. შვილებმა სოფელი დატოვეს, ხოლო მეზობლები საჭირო სიხშირით ვერ ეხმარებოდნენ. გულის დაავადების აღმოჩენის შემდეგ, მიხეილს საკუთარი თავისა და სახლის მოვლა კიდევ უფრო გაუჭირდა. მარტოდ დარჩენილს ექიმის დანიშნულების ზედმიწევნით შესრულება უჭირდა, ვერც რეგულარულ სამედიცინო დახმარებას იღებდა. ნახსენებმა სირთულეებმა მიხეილს სოციალურ საწარმოში „სახლი საზღვრების გარეშე“ საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.

„აქ კარგად ვარ, მომვლელებს წიგნაკში აქვთ ჩანიშნული როდის რა წამალი უნდა მომცენ და გვივლიან ყველას. დღე და ღამე მორიგეობენ და ყურადღებას არ გვაკლებენ.“ - ამბობს მიხეილი თავის ამჟამინდელ საცხოვრებელზე საუბრისას.

დღეისთვის მიშა პაპა მოხუცთა თავშესაფრის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩაბმული. ბენეფიციარებსა და სტუმრებს საკუთარი ისტორიებით ართობს და მუდმივად მზადაა გარშემომყოფებს დაეხმაროს. მიხეილი მონაწილეობას იღებს თავშესაფრის ეზოს გალამაზებაში, ესწრება სხვადასხვა ღონისძიებას და სოციალური საწარმოს მეგობრულ გარემოში ატარებს მოხუცებულობის წლებს.

ორგანიზაცია დაფინანსებულია საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) პროექტის: საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პარტნიორებთან: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (UCIPR) ერთად.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

10/02/2018