+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ოსმანის ისტორია პანკისიდან

31 წლის განმავლობაში ოსმანი გარეშე პირებთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა, სახლს თითქმის არასდროს ტოვებდა და ოჯახის წევრების მიმართაც კი აგრესიული იყო. ადგილობრივმა პოლიციამ იცოდა, რომ ოსმანი ზოგჯერ მეტად საშიშ პიროვნებად გადაიქცეოდა ხოლმე; მეზობლები კი თავს არიდებდნენ მასთან საუბარს. ოდნავ შესამჩნევი ღიმილიც კი უცნობი პიროვნების სახეზე ოსმანში აგრესიას იწვევდა, მისი დამშვიდება კი ძალიან რთული იყო. ზოგჯერ ფანჯრების დამტვრევითა და თავის მოკვლითაც იმუქრებოდა. გარდა ამისა, არასდროს თანხმდებოდა შინიდან გასვლასა და დახმარების მიღებაზე.

რამდენიმე თვის წინ, პანკისის ველზე არსებული დღის ცენტრის „მედინა 2015“-ს წარმომადგენლები ოსმანის ოჯახს ეწვივნენ და თავიანთი მომსახურება შესთავაზეს. თავდაპირველად, ოსმანმა შემოთავაზება აგრესიულად მიიღო და დაუფიქრებლად უარყო, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ ცენტრში მისვლაზე დათანხმდა იმ პირობით, რომ თავად გადაწყვეტდა გააგრძელებდა თუ არა იქ რეგულარულ სიარულს. დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების ამ შესაძლებლობამ ოსმანზე დადებითად იმოქმედა. ამასთანავე, ცენტრში წარმოდგენილისგან სრულიად განსხვავებული ატმოსფერო დახვდა. მეგობრული გარემო, პროფესიონალი თანამშრომლები და სხვადასხვა სახის გასართობი გაკვეთილები ეს ის მახასიათებლებია, რომლის გავლენითაც „მედინა 2015“ ოსმანის საყვარელ ადგილად გადაიქცა. მან ცენტრში ახალი მეგობრებიც შეიძინა.

დღის ცენტრი „მედინა 2015“ პროექტის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში დაფინანსდა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB)  პარტნიორ ორგანიზაციებთან, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (UCIPR), ერთად ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს სოციალური განვითარების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წვლილის გაზრდას საქართველოსა და უკრაინაში.

ამჟამად ოსმანი აქტიურად ეხმარება დღის ცენტრის თანამშრომლებს და მონაწილეობას იღებს ყოველდღიურ აქტივობებში. ამასთანავე, სწავლობს წერა-კითხვას და რამდენიმე ასო-ბგერის დამახსოვრებაც შეძლო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ოსმანმა წარმატებით დაძლია დამოუკიდებლად გადაადგილებასა და გარშემო მყოფებთან შეუფერხებელი ინტერაქციის დამყარების შესაძლებლობის გაუმჯობესებაში მდგომარეობს. ის „მედინა 2015-ის“ ნაცნობ შენობას არასამუშაო დღეებშიც კი სტუმრობს, ვინაიდან, აქ მან სიმშვიდე იპოვა.

30/11/2017