+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია სოციალური მეწარმეობის შესახებ

22 სექტემბერს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB საქართველო) კონფერენციას „სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მექანიზმები“ უმასპინძლა. კონფერენციის მიზანს საქართველოს მთავრობისთვის სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდამჭერი მექანიზმების შეთავაზება წარმოადგენდა.

პოლონეთიდან, შვედეთიდან და შვეიცარიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა დამსწრეებს სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო პრაქტიკათაგან საუკეთესოები გააცნეს. ასევე ისაუბრეს ამ სფეროს განვითარების პროცესში საკანონმდებლო რეგულაციების როლზე.

"აქ იმისთვის ვართ, რათა გაგაცნოთ ევროპული ხედვა სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო მექანიზმების შესახებ. ჩვენ ნათლად დავინახეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სოციალურ მეწარმეობაზე მორგებული კანონმდებლობის არსებობა. ის ზოგადად ბაზარსა და თავად სოციალურ საწარმოს საშუალებას აძლევს დარწმუნდნენ, რომ ამ უკანასკნელის სოციალური მისია დაცულია, ხოლო მომხმარებელს კარგად ესმის მსგავსი საქმიანობის არსი." - განაცხადა ჯული ვინმა ევროპის სოციალურ საწარმოთა სამართლის ასოციაციიდან (ESELA).

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქართული სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დამსწრეთ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად აღნიშნულ სფეროში დაგროვებული საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარების საშუალება, ასევე ქართული სოციალური მეწარმეობის ისტორიისა და მომავლის პერსპექტივების, მასთან დაკავშირებული სირთულეებისა და ამ უკანასკნელთა გადაჭრის გზების შესახებ მსჯელობის შესაძლებლობა მიეცათ.

პანელური დისკუსიების მსვლელობისას კონფერენციის მონაწილეებმა შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები. კითხვები მოიცავდა ისეთ თემებს როგორებიცაა: სამთავრობო მხარდაჭერის მექანიზმები, ამ სახის დაწესებულებათა სოციალური მისია, ცალსახა განსაზღვრების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული სირთულეები და მსგავის განმარტების არსებობის აუცილებლობა.

კონფერენცია პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB). დაფინანებულია ევროკავშირის მიერ.

25/09/2017