+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ევაკუაციის სიმულაცია დღის ცენტრში "აისი"

15 ივნისს, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) პროექტის „კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში მიწისძვრის ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრში „აისი“. ცენტრის მოსწავლეებს ღონისძიებისთვის მომზადებაში ASB-ს წარმომადგენლების მიერ ამავე თემაზე ჩატარებული ტრენინგი დაეხმარა. ბენეფიციარებმა, მასწავლებლებმა და ცენტრის სხვა თანამშრომლებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მიწისძვრისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფის დროს. „ბავშვები აღტაცებულნი არიან დღევანდელი ღონისძიებით, უკვე მთელი თვეა მოუთმენლად ელოდებიან ამ დღეს“- განაცხადა დღის ცენტრის დირექტორმა ნანა ცარციძემ და დასძინა: „ჩვენი ძირითადი მიზანია დავეხმაროთ „აისის“ ბენეფიციარებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის, მათ შორის ბუნებრივი კატასტროფებისათვის. ჩვენს სტუმრებსა და ბენეფიციარებს შორის დამყარებული მეგობრული ურთიერთობა კი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ დასახული მიზნის მიღწევისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.“

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა დახმარებით შენობა მოკლე დროში დაიცალა. ბავშვები ინტერესით ადევნებდნენ თვალ-ყურს სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუშაობას. მიწისძვრის სიმულაციის გეგმა ხანძრის ჩაქრობის ინსცენირებასაც მოიცავდა, ევაკუაციის მსვლელობისას ერთ-ერთი ბენეფიციარი საკაცით მიიყვანეს სასწრაფოს მანქანამდე. „ეს სწავლების საუკეთესო შესაძლებლობა იყო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დღის ცენტრის თანამშრომლებისა და ბენეფიციარებისთვის, მაგრამ ამავდროულად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისთვისაც, რომლებმაც ისწავლეს თუ როგორ უნდა მოიქცნენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან, რომლებიც შესაძლოა სტანდარტულისგან რადიკალურად განსხვავებულად მოიქცნენ ამა თუ იმ ბუნებრივი კატასტროფის დროს.“- განაცხადა არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა მათიას ვოლფაილი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ბუნებრივი კატასტროფებისადმი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ. შესაბამისად, მათ სასწავლო ევაკუაციაში ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „აისის“ ბენეფიციარების ენთუზიაზმმა და ინტერესმა მიწისძვრის დროს ევაკუაციის სიმულაციისადმი, ASB-ს, ისევე როგორც სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს, დაანახა მსგავსი აქტივობების ხშირი ორგანიზების საჭიროება. ღონისძიების დასრულების შემდეგ ASB-მ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგანტოსთან ერთად განიხილა პრობლემები, რომლებიც სასწავლო ვარჯიშისას წარმოიშვა და დასახა მათი გადაჭრის, შესაბამისად, რისკის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლო გზები.

სასწავლო ევაკუაცია დღის ცენტრში „აისი“ ჩატარდა ASB-ს პროექტის „ჩვენ მზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ. პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და კატასტროფის რისკის შემცირების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფაა.

16/07/2017