+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წელი

17 ივნისს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო) გერმანია-საქართველოს პარტნიორობის 25 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას შეუერთდა. ASB-მ მისი საქმიანობით დაინტერესებულ სტუმრებს აღმაშენებლის გამზირზე უმასპინძლა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა შესთავაზა.

ASB საქართველოს მოწვეულ სპეციალურ სტუმრებს შორის იყვნენ ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა #203-ის მოსწავლეები, რომელთაც მოხალისე მასწავლებლების როლი მოირგეს და მსურველებს ქართული ჟესტური ენის შესწავლაში დაეხმარნენ. აღნიშნულ ღონისძიებაზე ASB მისი ერთ-ერთი პროგრამით, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით (DiDRR), იყო წარმოდგენილი. პროგრამა მოიცავს ინკლუზიურ ელემენტს, შესაბამისად, ზრუნავს იმაზე, რომ გაიზარდოს ქართული საზოგადოების ცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების შესახებ. ღონისძიებაზე სმენადაქვეითებული ახალგაზრდების მოწვევა საზოგადოებაში ინტეგრაციაში მათ დახმარებას, ამასთანავე, საზოგადოების რიგითი წევრების მხრიდან ამ პროცესში საკუთარი როლის გაცნობიერებას ემსახურებოდა. საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის სტენდის სტუმრებმა კატასტროფის რისკის შემცირების კამპანიის მთავარი მესიჯის „ჩვენ მზად ვართ“ ჟესტური ენის საშუალებით გამოსახვა ისწავლეს და ახლადშეძენილი ცოდნა, ასევე თავიანთი მზადყოფნა GIF კამერის წინ დააფიქსირეს.

ღონისძიების მსვლელობისას სცენა საქართველოს სამარიტელთა კავშირის (SSK) წარმომადგენლებსაც დაეთმოთ, რომელთაც მაყურებლებს უგონოდ მყოფი ადამიანის პირველადი დახმარების წესები გააცნეს. გამოსვლა სინქრონულად ითარგმნებოდა სურდო თარჯიმნის მიერ.

დღის დასასრულს ASB-მ ბევრი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა.

19/06/2017