+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ნაიჯელ ქეის ტრენინგი კრიზისულ კომუნიკაციაზე

ნაიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში  დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი იყო. ტელევიზიის დატოვების შემდეგ დაიწყო კონსულტირება ჟურნალიზმის განვითარების მიმართულებით - პასუხისმგებელი იყო დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 3 000 ჟურნალისტის ტრენინგებსა და მათი უნარების განვითარებაზე. ნაიჯელ ქეის დიდი წვლილი მიუძღვის დიდ ბრიტანეთში განვითარებული რამდენიმე მასშტაბური მოვლენის - „გრანდ ჰოტელის“ და ლონდონის ტერორისტული აქტების (2005 წ.) მედია გაშუქებაში. ნაიჯელ ქეი გამოცდილი ტელე და რადიო ინტერვიუერია. სხვადასხვა დროს, ბი-ბი-სი ორზე (BBC TWO), გადაცემებში “ჩრდილოეთ ვესტმინსტერი“ (North of Westminster) და „ალაპარაკე ხალხი“ (Let the People Talk) ჩაწერილი აქვს ინტერვიუები ცნობილ პოლიტიკოსებთან, მათ შორის მარგარეტ ტეტჩერთან და ტონი ბლერთან. ქეი გამოცდილი საჯარო სპიკერია. მან BBC, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით, სხვადასხვა სახალხო პლატფორმაზე წარმოაჩინა.

2006 წლიდან ნაიჯელ ქეი კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას, ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და ბიზნეს სექტორს, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედია ურთიერთობების სფეროში. ამასთანავე, იგი გახლავთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის ასოცირებული ლექტორი.

1-4 მაისს, ნაიჯელ ქეი საქართველოს ესტუმრა, ჟურნალისტებისა და სამთავრობო უწყებების PR განყოფილებების წარმომადგენელთათვის კრიზისულ კომუნიკაციაზე ტრენინგის ჩასატარებლად. ტრენინგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებითა და ASB საქართველოსა და DIPECHO-ს სხვა პარტნორების: OXFAM, დანიის წითელი ჯვარი და საქართველოს წითელი ჯვრის ასოციაციის ფინანსური დახმარებით ჩატარდა.

ნაიჯელმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომუნიკაციების ექსპერტებს კრიზისული კომუნიკაციის მეტად სასარგებლო მეთოდები გააცნო. „გაგვიჩნდა კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად გადმოვცემდით თბილისის წყალდიდობის დროს მომხდარ მოვლენებს. მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ესოდენ საჭირო ინფორმაციის მიწოდების ნაცვლად, ერთმანეთის დადანაშაულება დავიწყეთ“- თქვა ჟურნალისტმა გურამ როგავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ დამსწრეთ ახალი სახელმძღვანელო „ბუნებრივი კატასტროფები და მედია“ წარუდგინა. წიგნი შეიცავს საინტერესო ინფორმაციას ბუნებრივი კატასტროფების დროს კომუნიკაციის შესახებ და მკითხველს ბუნებრივ კატასტროფათა იმ სახეებს აცნობს, რომელმაც შესაძლოა საქართველოში იჩინოს თავი. კრიზისების მართვის საბჭომ ჟურნალისტებს ამ სახელმწიფო უწყებაში სტუმრობა, მისი მუშაობის სპეციფიკის უკეთ გაცნობის მიზნით, შესთავაზა. 

08/05/2017