+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ASB კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში მიიღებს მონაწილეობას

მექსიკა 2017 წლის გლობალური პლატფორმისთვის ემზადება. აღნიშნული ღონისძიება მსოფლიოს ტოპ კონფერენციებს შორის შედის და ბენებრივი, ასევე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კატასტროფისა და ეკონომიკური დანაკარგის შემცირების საკითხებს სხვადასხვა კუთხით განიხილავს. 2017 წლის გლობალური პლატფორმა, რომელიც 22-26 მაისის შუალედში ქალაქ კანკუნში (Cancún) ჩატარდება, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ფორუმი და სენდაის ჩარჩო ხელშეკრულების მიზნების განხორციელებისკენ გადადგმული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯია. სენდაის ჩარჩო ხელშეკრულება - ეს არის შენთახმება, რომელიც კატასტროფის რისკის შემცირების საქმეში სახელმწიფოს როლს აცნობიერებს, თუმცა განსაზღვრავს იმასაც, რომ პასუხისმგებლობა ენიჭებათ ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა ადგილობრივი მთავრობა, კერძო სექტორი და ა.შ.

გლობალურ პლატფორმას მსოფლიოს ქვეყნების მთავრობათა, საერთაშორისო ორგანიზაციათა და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ათასი წარმომადგენელი, მათ შორის ქართული დელეგაციაც, დაესწრება. არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB), საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების - საქართველოს უსინათლოთა კავშირი და ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის წარმომადგენლები გლობალური პლატფორმის სხვა მონაწილეებს კატასტროფის რისკის შემცირების ქართულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ASB კატასტროფის რისკის შემცირების პოგრამას სენდაის ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით ახორციელებს, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გათვალისწინებულ იქნან კატასტროფის რისკის შემცირების პროექტებში, როგორც დაგეგმვის, ასევე განხორციელების ეტაპზე. საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ბუნებრივი კატასტროფების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით. აგრეთვე, ხელს უწყობს სხვადასხვა დაწესებულებებში ევაკუაციის სტანდარტების დამკვიდრებასა და კატასტროფებისადმი მზაობის ძირითადი პრინციპების საინიციატივო ჯგუფებისთვის გაცნობას.

16/02/2017