+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ადვოკაციის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეთა შერჩევა

საგრანტო კონკურსში განაცხადების მოსამზადებლად ინტერესთა დაცვის სამუშაო შეხვედრების მონაწილეთა შერჩევა ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური სერვისების მიმწოდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ASB საქართველოსთან პარტნიორობით, აცხადებს მსურველთა განაცხადების მიღებას, ინტერესთა დაცვის (ადვოკაციის) სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სერვისების მიმწოდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან. სამუშაო შეხვედრები განხორციელდება პროექტის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში. სამუშაო შეხვედრის დროს, ორგანიზაციები ან ორგანიზაციათა კოალიციები ტრენერ/ფასილიტატორების დახმარებით შეადგენენ პროექტებს, რომელთაგან კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ნაწილს გაეწევა მატერიალური მხარდაჭერა ინტერესთა დაცვის კამპანიის განსახორციელებლად.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

2015 წლის 1 მარტიდან "საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდმა" (ASB-Georgia), "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან" (CSRDG) საქართველოში და "უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრთან" (UCIPR), უკრაინაში დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება - "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში".

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების მონაწილეობას სოციალური სერვისების პოლიტიკის საკითხებზე დიალოგში საქართველოსა და უკრაინაში. პროექტის ხანგრძლივობაა სამი წელი.

პროექტის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია 37 სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის დაფინანსება: 17 საქართველოში და 20 უკრაინაში. ამის გარდა პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება, რაც გამოიხატება მათთვის ტრენინგებისა და სხვა ექსპერტული მომსახურების, მათ შორის ორგანიზაციული განვითარების პაკეტის (ODP) და ინტერესთა დაცვის სამუშაო შეხვედრების დახმარებით. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარ ორგანიზაციებს ასევე საშუალება ექნებათ განახორციელონ საკუთარი საქმიანობის ლობირება და ინტერესთა დაცვის კამპანიები.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

კონკურსის მიზანი და ჩარჩო

კონკურსის მიზანია, საქართველოს ფარგლებში მოქმედ, ხანდაზმულებთან და შშმ პირებთან მომუშავე სოციალური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს და ორგანიზაციათა გაერთიანებებს (კოალიციებს) გაეწიოთ დახმარება, აიმაღლონ კვალიფიკაცია ინტერესთა დაცვის კამპანიების დაგეგმვა-განხორციელების მიმართულებით და მათი საჭიროებების შესაბამისად დაგეგმონ კამპანია. ამ მიზნით ექსპერტები დაეხმარებიან ინტერესთა დაცვის სამუშაო შეხვედრის მონაწილე ორგანიზაციების და კოალიციების წარმომადგენლებს შეადგინონ ინტერესთა დაცვის კამპანიის დიზაინი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოში მოქმედ ხანდაზმულების და შშმ პირებისთვის სოციალური სერვისების მიმწოდებელ საზოგადოებრივ/არასამთავრობო ორგანიზაციებს.


მონაწილე ორგანიზაციების შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

შერჩევის კრიტერიუმი - წონა:

** ნათლად განსაზღვრული, რეალისტური ინტერესთა დაცვის კამპანიის მიზანი - 30%
** საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობის გამოცდილება - 20%
** სერვისების მიწოდების გამოცდილება - 20%
** ინტერესთა დაცვის კამპანიისას შესაძლო მოკავშირეთა ჩამონათვალი - 20%
** ბოლო სამი წლის განმავლობაში პროექტების რაოდენობა და მასშტაბები - 10%.

სამუშაო შეხვედრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება და დეტალების შეთანხმება.

კონკურსის პირობები

განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულ ორგანიზაციებს/კოალიციებს გამოავლენს შესარჩევი კომისია.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და კოალიციებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი, თანდართული ფორმის შესაბამისად.

განაცხადების წარდგენის პროცედურის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://jobs.ge/129842/

15/12/2016